აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროს ელდარ ცინცაძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისსა და ზვარეში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სატყეო მეურნეობის ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აჭარის ტყის რესურსების დაცვა, მოვლა და მდგრადი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად და ეფექტიანად ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, როგორც ტყის ეკოსისტემების დაცვასა და სანიტარიულ მდგომარეობას, ასევე სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.
2026 წელს ქედის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მართვის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს სანიტარიულ ჭრებს, სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე ტყეკაფების გამოყოფასა და მონიშვნას.
აქტიურად მიმდინარეობს სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებიც. დაგეგმილი მაჩვენებლები სრულად შესრულებულია, გაყვანილია 6.89 კმ ახალი გზა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 21.05 კმ არსებულ სატყეო გზას.
ღონისძიებებს ასევე ადგილზე გაეცნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხვა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.







აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსმა, ელდარ ცინცაძემ, ქედის, შუახევის და ხულოს სატყეო ადმინისტრაციებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებს გაცნობითი და სამუშაო ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას.
შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებას, სატყეო საქმიანობის ეფექტიან და კოორდინირებულ განხორციელებას, ასევე სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას.
განხილულ იქნა ტყის დაცვისა და მართვის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაც. შეხვედრებს ესწრებოდნენ სააგენტოს უფროსის მოადგილეები — გიორგი ჯინჭარაძე და ავთანდილ მახარაძე, აგრეთვე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.


სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს შუახევის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ოლადაურის სატყეოს კვარტალ №17 -ში საორიენტაციოდ 4 000 კბმ და ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჭი-გოგიეთის სატყეოში უბან გომის მთის ტერიტორიაზე № 36, 37, 50, 51, 53, 54, 55, კვარტლებში, საორიენტაციოდ 3 000 კბ.მ გასულ წლებში მოთხრილ-მოტეხილი (ძირნაყარი) ხე-ტყის დამზადებას ინტერესთა გამოხატვის გზით, ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად.
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ერგეს სატყეო უბანში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 200 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო. დამატებით, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის უბანში 550 ძირი ნერგი გააშენეს.
აქციაში მონაწილეობდნენ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
დედამიწის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრად განვითარებაში.

